"დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს" - ამ სათაურით Financial Times-ზე მოსაზრებას აქვეყნებს, რომლის ავტორიც, ტიმ ჯუდა საარჩევნო პერიოდს ეხება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
"საქართველო უკონტროლო დინებაშია. რადგანაც ქვეყანა დღეებს ითვლის არჩევნებამდე, ქართული ოცნების ბევრი მოწინააღმდეგე, მიიჩნევს, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლებაში დარჩეს. რუსი ლიდერები უკვე ხედავენ არჩევნების ძალადობრივ გადაწყვეტას. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მრავალწლიანი ინტეგრაციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს დე ფაქტო ლიდერმა, როდესაც იგრძნო, რომ ის და მისი ბანაკი ძალაუფლებას კარგავენ, ეს კურსი დატოვა. საქართველო ახლა ნეიტრალურ ტერიტორიაზე დასავლეთსა და რუსეთ-BRICS-ის სამყაროს შორის ცურავს.
დასავლელი ლიდერები უნდა მოემზადონ საქართველოს სრულმასშტაბიანი კრიზისისთვის. ისინი მზად უნდა იყვნენ გეგმით", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ მასალაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, თბილისში "ციებ-ცხელების" ატმოსფეროა და ბევრს წლევანდელი არჩევნები 2012 წლის არჩევნებს აგონებს. მასალაში მიმოხილულია გაზაფხულის აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი.
"ყველაფერი ეს ტრაგედიაა".
"უკრაინის ომმა საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გახსნა, რის შედეგადაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესთავაზეს. შესაძლოა, ივანიშვილს, ქართველების უმეტესობისგან განსხვავებით, არასოდეს სურდა ეს გაუთვალისწინებელი საჩუქარი", - აღნიშნულია სტატიაში და წერია, რომ ბოლო ქმედებების შედეგად გაწევრიანების პროცესი გაყინულია, თუმცა ივანიშვილი 2030 წლისთვის კვლავ გვპირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.
მასალის ავტორი მომიოიხილავს საარჩევნო გარემოს, მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ, მის მიერ "გლობალური ომის პარტიისა" და "მეორე ფრონტის" ხსენებას. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ არჩევნები მხოლოდ თბილისში რომ ტარდებოდეს, ოპოზიცია მოიგებდა, თუმცა ეს ასე არაა, რადგანაც რეგიონებში მოსახლეობა ძირითადად მუნიციპალიტეტებშია დასაქმებული.
"ხალხი შიშობს, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, მათ ხელმძღვანელს ვინმე გამარჯვებული პარტიიდან ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, სამუშაო ადგილებსა და კონტრაქტს საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე გადაანაწილებს.
ხალხი შეშინებულია. თამუნა უჩიძემ, რომელიც ახალციხეში საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისში მუშაობს, მითხრა, რომ მას ნანახი აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორის მესიჯები, როგორ უთითებს სტუდენტებს ივანიშვილს მიტინგს დაესწრონ. თუ არ დაესწრებიან, შესაძლოა, მათი ქულები დაზარალდეს".
მასალაში ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის კომენტარია, რომელიც უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება მოსკოვს უახლოვდება.
მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ:
"ანალიტიკოსები და სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია ელექტორატის მესამედს იზიდავს, დანარჩენი კი გადაუწყვეტელია. ეს ნიშნავს, რომ ოქტომბერში ყველაფერი შეიძლება არასასიამოვნოდ შემობრუნდეს. სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია წააგებს, აშშ "თბილისის მაიდანს" გეგმავს, რომლითაც ის სახელმწიფო გადატრიალებს გულისხმობს. ეს აბსურდია. მაგრამ თუ ქართული ოცნება დამარცხდა, მან შეიძლება მაინც გამარჯვებულად გამოაცხადოს თავი, რამაც შესაძლოა გაბრაზებული დემონსტრანტები და ძალადობაც კი გამოიწვიოს.
თუ ის სამართლიანად გაიმარჯვებს, თბილისი გააგრძელებს დასავლეთისგან ჩამოშორებას. თუ წააგებს, მაგრამ ეცდება ძალაუფლებას ჩაეჭიდოს, ქართველები დასავლეთისკენ გაიხედებიან, და ამ შემთვევაში ამ მთავრობების ქმედებები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ეკა მეტრეველი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მისი ქვეყანა ახლა ნეიტრალიტეტსა და რუსეთის გავლენის სფეროში მოძრაობს. იგი ამბობს, რომ ქართველების უდიდეს უმრავლესობას ეს არ სურთ".